logo
ENG



ბოკერია: ბუნდოვანი სიგნალების ნაცვლად, ველოდებით სრულფასოვან დოკუმენტს ოცნებისგან

04 დეკ 202017:45
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა შეიმუშავეს ერთობლივი დოკუმენტი, სადაც გაწერილია კრიზისიდან გამოსვლის გეგმა და ის ფასილიტატორ ელჩებს გადასცეს. 

ბოკერიას თქმით, ახლა ოპოზიცია ანალოგიურ დოკუმენტს ქართული ოცნების მხრიდან ელოდება. 

"ჩვენ სრულფასოვანი დოკუმენტი მივაწოდეთ ელჩებს, იმ მიმართულებითაც, რაც საჯაროდ ცნობილია და რაც არის პრინციპული. ბუნდოვანი სიგნალების ნაცვლად, ველოდებით ასევე სრულფასოვან დოკუმენტს ქართული ოცნებისგან - კრიზისიდან გამოსავლის მათ ხედვასთან დაკავშირებით. თუ რაიმე მინიმალური სურვილი აქვს ივანიშვილს და მის გუნდს, სწრაფად უნდა დადოს მაგიდაზე თავის სრულფასოვანი შეთავაზება, როგორც ეს ოპოზიციამ გააკეთა", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.  

ოპოზიციური პარტიები დღეს, 4 დეკემბერს ფასილიტატორ ელჩებს შეხვდნენ.

ისინი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. ოპოზიცია ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. 

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ახალი არჩევნების ჩატარება გამორიცხულია.

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით, მოლაპარაკებების ორი რაუნდი გაიმართა, მაგრამ შეხვედრები კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. უცნობია თუ როდის გაიმართება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი.

 


close დახურვა